ღმერთები

  ძვ.წ. III ათასწლეულის შუმერებს შემუშავებული ჰქონდათ მთელი რიგი მეტაფიზიკური და თეოლოგიური მოსაზრებანი, რომლებიც ბუნდოვნების მიუხედავად დროთა განმავლობაში მთელ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა და მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ძველ ებრაელთა და შემდეგ ქრისტიანულ რელიგიას.

(ამ ქვაზე გამოსახული არიან ღმერთები - ზეციდან დაწყებული - ქვესკნელამდე).

  ძვ.წ. III ათასწლეულში შუმერში იყვნენ მოაზროვნეები, რომლებიც ფიქრობდნენ სამყაროს, ბუნების აგებულებაზე. შუმერელი მოაზროვნისათვის სამყაროს მთავარი ელემენტები იყო მიწა და ცა. ამიტომ უწოდებდნენ ისინი სამყაროს 'ანოქის,"რაც ცა-მიწას ნიშნავს. შუმერელთა წარმოდგენით დედამიწა ბრტყელი დისკო იყო, ხოლო ცა - ცარიელი სივრცე, რომელიც ზევიდან და ქვევიდან მყარ ზედაპირს ეყრდნობოდა. დედამიწასა და ცას შორის მდებარეობდა მესამე ელემენტი - ლილ. ეს სიტყვა ნიშნავს ქარს, ჰაერს. მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები იმავე ნივთიერებისაგან იყო შექმნილი, რისგანაც ატმოსფერო, ოღონდ მათ ნათებაც შეეძლოთ. "ცა - მიწას" ზევიდან, ქვევიდან და ორივე გვერდიდან გარს ერტყა უსასრულო ოკეანე, რომელშიც სამყარო, როგორღაც ინარჩუნებდა სიმყარესა და უძრაობას. შუმერელთა აზრით, თავდაპირველად იყო პირველქმნილი ოკეანე. ამ პირველქმნილ ოკეანეში როგორღაც ჩაისახა ცის თაღი და ბრტყელი დედამიწა, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილი იყო მოძრავი ატმოსფეროთი. შემდეგ ატმოსფეროსგან წარმოიქმნენ მანათობელი სხეულები: მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები; ხოლო, როცა დედამიწას გამოეყო ცა და წარმოიქმნა მანათობელი სხეულები, გაჩნდა მცენარეები, ცხოველები და ბოლოს - ადამიანი.

(მშენებლობის ღმერთი - იგი მიწაში ამაგრებს ხის ბოძს).

  შუმერელებისათვის ღვთაებებს განსხვავებული ადგილი ეკავათ მნიშვნელობის მიხედვით. კაშხლის ან მინდვრის ღმერთი როგორ შეედრებოდა მზის ღმერთს. ვერც მდინარის ღმერთი გავიდოდა ერთ რანგში მთელი დედამიწის ღმერთთან. ბუნებრივია, რომ თავიანთი სახელმწიფოების პოლიტიკური ორგანიზაციის ანალოგიით, შუმერელებმა სათვეში დააყენეს მთავარი ღმერთი, რომელსაც დანარჩენი ღმერთები თავის ხელისუფალად თუ მეფედ აღიარებდნენ. მთავარ ღმერთს რანგით მოჰყვებოდა შვიდი ღმერთი, რომლებიც განაგებდნენ ბედისწერას, და ორმოცდაათი ე.წ. დიდი ღმერთი'. ყველაზე საინტერესოა ის დაყოფა, რომელიც შუმერელმა თეოლოგებმა დაადგინეს ღვთაებათა შორის - ეს არის შემოქმედი და არაშემოქმედი ღმერთები. ესეც სამყაროზე მათი წარმოდგენიდან გამომდინარეობდა. ვინაიდან სამყაროს მთავარი ელემენტები იყო ცა, დედამიწა, ზღვა და ატმოსფერო, მათი ღმერთები შემოქმედი იყვნენ, სხვა დანარჩენი კი - არაშემოქმედი.
რაც შეეხება შექმნის მეთოდს, რომლითაც ეს ღმერთები სარგებლობდნენ, შუმერელმა თეოლოგებმა წამოაყენეს დოქტრინა, (აღმოსავლეთმა რომ მიიღო) - დოქტრინა ღვთაებრივი სიტყვის შემოქმედ ძალაზე. მათი სწავლების მიხედვით, საკმარისი იყო შემოქმედ ღმერთს რაიმე ჩაეფიქრებინა, შემდეგ კი წარმოეთქვა სიტყვა და სახელი. სრულიად შესაძლებელია, რომ წარმოდგენა ღვთიური სიტყვის შემოქმედ ძალაზე შუმერელებს შეექმნათ ადამიანთა საზოგადოებაზე დაკვირვების შედეგად. თუკი ადამიანს, მმართველს, ბრძანების საშუალებით შეეძლო მიეღწია თითქმის ყველაფრისთვის, რასაც კი მოისურვებდა, - მხოლოდ და მხოლოდ მის ბაგეთაგან მოწყვეტილი სიტყვის ძალით, - სამყაროს ოთხი სტიქიის მმართველი ზებუნებრივი ძალის მქონე უკვდავ ღმერთებს რატომღა არ შეეძლებოდათ თავიანთი ღვთიური სიტყვით მიეღწიათ ბევრად უფრო მეტისთვის და გადაეწყვიტათ ყოველგვარი პრობლემა?!
   სამყაროს წარმოშობას შუმერელები ამგვარად ხსნიდნენ:

1. თავდაპირველად ყოფილა პირველქმნილი ოკეანე, მაგრამ მის გაჩენაზე არაფერია ნათქვანი. ადვილი შესაძლებელია, შუმერელთა წარმოდგენაში იგი მუდამ არსებობდა.

2. პირველქმნილმა ოკეანემ წარმოშვა კოსმიური მთა, რომელიც შედგებოდა ზეცასთან შეერთებული მიწისაგან.

3. ადამიანის სახის მქონე ღმერთებმა ანმა (ცამ) და ქალღმერთმა კიმ (მიწამ) შვეს ჰაერის ღმერთი ენლილი.

4. ჰაერის ღმერთმა ენლილმა ერთმანეთს განაშორა ცა და მიწა. იმ დროს, როცა ანმა ასწია ცა, ენლილმა ძირს დაუშვა მიწა, თავისი დედა. ენლილის კავშირმა თავის დედასთან - მიწასთან - მისცა საწყისი მსოფლოს - ადამიანს, ცხოველებს, მცენარეებს და ცივილიზაციას.

რაც შეეხება ციური სხეულების - მთვარის, მზის, ცთომილებისა და ვარსკვლავების წარმოშობას - ამის თაობაზე პირდაპირი ცნობა არ გაგვაჩნია. მაგრამ იმის მიხედვით, რომ შუმერელები მთვარის ღმერთს, რომელსაც ორი სახელი ჰქონდა - სინი და ნანა - ჰაერის ღმერთ ენლილის შვილად მოიხსენიებენ, შეიძლება დავასკვნათ, რომ მათ მთვარე მიაჩნდათ კაშკაშა ჰაერის მაგვარ სხეულად, რომელიც შეიქმნა ატმოსფეროსაგან. თავის მხრივ მზის ღმერთი 'უთუ' და ცთომილ ვენერას ქალღმერთი 'ინანა - მთვარის ღმერთის შვილებად მოიხსენიებიან. ჩანს, შუმერელთა აზრით, ეს ორი ციური სხეული შექმნა მთვარემ მას შემდეგ, როცა თვითონ უკვე შექმნილი იყო ატნოსფეროსაგან.

შუმერელთა აზრით ყველაზე ბრძენი და ძლევამოსილი ღმერთიც კი გარეგნობით, აზროვნებით თუ ქცევით ადამიანს ჰგავდა. ღმერთებიც, ადამიანთა მსგავსად ადგენდნენ მოქმედების გეგმას, სვამდნენ, ჭამდნენ, ქორწინდებოდნენ, ოჯახს ქმნიდნენ და არც ადამიანური სისუსტე თუ სატკივარი იყო მათთვის უცხო. ისინი სიცრუეზე მაღლა ჭეშმარიტებას აყენებდნენ, ძალადობაზე მაღლა - სამართლიანობას, მაგრამ მათი ქმედებანი ყოველთვის როდი იყო გასაგები უბრალო მოკვდავისათვის.

შუმერელთა აზრით, ღმერთები ცოცხლობდნენ "ცისა და მიწის მთაზე,"იქ, სადაც მზე ამოდის" და მანამ იმყოფებოდნენ იქ, ვიდრე სამყაროს რომელიმე განსაზღვრული ადგილას, რომელზეც ისინი ზრუნავდნენ, მათი თავი არ დასჭირდებოდათ. მაგრამ არ ვიცით ისინი სივრცეში როგორ გადაადგილდებოდნენ; წყაროებიდან ვგებულობთ, რომ მთვარის ღმერთი ნავით მოგზაურობდა, მზის ღმერთი - ეტლით, ქარიშხლის ღმერთი კი ღრუბლებით.

ძვ.წ III ათასწლეულის შუმერში, სულ ცოტა, რამდენიმე ასეულ ღმერთს მაინც სცემდნენ თაყვანს. შუმერელებს ჰყავდათ უამრავი ღმერთი, რომელთაც ისინი სისტემატურად სწირავდნენ მსხვერპლს, გამუდმებით ეთაყვანებოდნენ და ლოცულობდნენ.

შუმერელთა რწმენით, დიდი ღმერთები ბუნებით სათნო ხასიათისანი იყვნენ, მაგრამ მათ არ იცოდნენ, ადამინთა ცივილიზაციას რომ ქმნიდნენ, ღმერთებმა ბოროტება, ტანჯვა და უბედურება რატომ მოუვლინეს? შუმერელები დასმით კი სვამდნენ ამ კითხვას, მაგრამ პასუხი არც იცოდნენ და არც ეძებდნენ. ღმერთების ნება და ჩანაფიქრი უმეტესწილად სრულიად მიუწვდომელი რჩებოდა მათთვის.

შუმერელ მოაზროვნეებს, მათი მსოფლმხედველობის თანახმად, გაზვიადებული წარმოდგენა არა ჰქონიათ ადამიანსა და მის ამქვეყნიურ ხვედრზე. მათი ღრმა რწმენით, ადამიანი თიხისაგან იყო შექმნილი და საერთოდაც, ღმერთებმა იგი მხოლოდ იმიტომ შექმნეს, რომ მათთვის სასმელ-საჭმელი მიერთმია, საკურთხევლები აეგო და ათასგვარი სხვა სამსახური გაეწია, რათა ღმერთებს უზრუნველად ეკეთებინათ თავიანთი ღვთაებრივი საქმეები. ადამიანთა ბუნდოვანი და საშიშროებით აღსავსე ბედი მთლიანად ბრძენ ღმერთებზე იყო დამოკიდებული. სიკვდილის შემდეგ ღმერთებს შეეძლოთ ყურადღება მიექციათ მარტოხელა და არც არაფრით გამორჩეული მოკვდავთათვის, როცა იგი მათ წინაშე გართხმული შემწეობას ევედრებოდა.

ალბათ ღმერთთაგან უმთავრესი იყო ოთხი! ცის ღმერთი - ანი', ჰაერის ღმერთი - ენლილი', უფსკრულის ღმერთი - ენქი და დიდი დედა-ქალღმერთი - ნინხურსანგა. ეს ოთხი ღმერთი ყოველთვის ღმერთების სიის სათავეში მოიხსენიებიან და ხშირად ერთადაც მოქმედებენ. სხვა მრავალი ღმერთი მეორეხარისხოვანია ე.ი. ისინი არიან მთავარი ღმერთების ცოლები, შვილები ან მსახურები.
ცის ღმერთი '"ანი'" ოდესღაც შუმერთა პანთეონის უმთავრესი ღვთაება იყო. ანის მთავარი სამლოცველო ქალაქ-სახელმწიფო ურუქში იყო, რომელიც დიდხანს მთავარ როლს ასრულებდა შუმერის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მართალია, ანის შემდგომ ათასწლეულებშიც სცემდნენ თაყვანს მთელ შუმერში, მაგრამ დაახლოებით ძვ.წ 2500 წლის შემდეგ შუმერთა მთავარი ღმერთის როლს ჰაერის ღმერთი ენლილი ასრულებდა. მას პირველ რიგში მოიხსენიებენ სხვადასხვა რიტუალების დროს, მითებსა და ლოცვებში. მას უკვე ღმერთები მამას', ცისა და მიწის მეუფეს და ყველა ქვეყნის მბრძანებელს უწოდებდნენ. მეფეები და მბრძანებლები თავს იწონებდნენ, ხელისუფლება თვით ენლილისაგან გვაქვს მიღებულიო, რომ ენლილმა ააყვავა მათი ქვეყანა, გაამარჯვებინა მტრებზე. სწორედ ენლილი ასახელებდა მეფეს, გადასცემდა მას სამეფო კვერთხს და მოწყალე თვალით უყურებდა.

მოგვიანებით შექმნილი მითებიდან ვიგებთ, რომ ენლილი ქველმოქმედი ღმერთი იყო, მან განსაზღვრა სამყაროს აგებულება, შექმნა სასიკეთო ძალები. მან შექმნა დღე, ენლილმა შეიბრალა კაცთა მოდგმა და მისცა მას ყველაფერი.

შუმერელთა აზრით, ღმერთებს, მიწიერი მეფეების მსგავსად, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდათ გადასაჭრელი: ჯერ მეფეებისა და მათთან დაახლოვებული პირებისათვის უნდა მიექციათ ყურადღება. ამიტომ ღმერთისათვის რომ მიემართა, უბრალო მოკვდავს საგანგებო შუამავლების დახმარება სჭირდებოდა. ამ შუამავლებს ღმერთები სწყალობდნენ და შეიძლებოდა გაჭირვებულის ვედრებას ღმერთებამდე მიეღწია.

შუმერელ მოაზროვნეებს სწამდათ და ქადაგებდნენ, რომ ადამიანთა ყოველგვარი უბედურების მიზეზი მათი ცოდვები და დანაშაული იყო; და რომ დედამიწის ზურგზე არ არსებობს უცოდველი ადამიანი. ისინი ასწავლიდნენ, რომ ყოველგვარი ადამიანური ტანჯვა განპირობებულია ამა თუ იმ მიზეზით, რომ ყველაფერში თვით ადამიანები არიან დამნაშავენი და არავითარ შემთხვევაში ღმერთები.


დასაწყისი    შემდეგი

 

 

Используются технологии uCoz